+7 (910) 455-04-45
  Этот адрес электронной почты защищён от спам-ботов. У вас должен быть включен JavaScript для просмотра.
  г.Москва

DAVID BOADELLA
The Divided Body
Translator: Natia Maziashvili
Corrector: Maiko Lukhumaidze, Diana Nikolaishvili

 

 

 

დავიდ ბოადელა

თარჯიმანი: ნათია მაზიაშვილი
კორექტორი: მაიკო ლუხუმაიძე

თერაპიის დაწყებისას ჯეიმსი დაახლოებით 25 წლის იყო და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებაში მუშაობდა. ის საშუალო სიმაღლის იყო, ახლომხედველისთვის განკუთვნილ სათვალეს ატარებდა და თერაპიის გავლა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ახალგაზრდობიდანვე არაადექვატურად აღიქვამდა საკუთარ თავს. საუბრისას ახსენა, რომ ხშირად ჰქონდა ჰომოსექსუალური მიდრეკილებები, მაგრამ მისი სოციალური კონტაქტი ნებისმიერი სქესის ადამიანთან ძალიან მცირე იყო. ყმაწვილობაში მას ჰქონდა სუიციდალური დეპრესიის ეპიზოდები და ცხოვრების ერთ მომენტში სერიოზულად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე.

პირველ სესიაზე ის უჩიოდა თავში წნევის შეგრძნებას, რომელსაც მუდმივად გრძნობდა. არა ტკივილს, არამედ წნევას. პერიოდულად ის გრძნობდა, რომ თავი მისი სხეულის ნაწილი არაა, ტვინი არეული აქვს და ის „გასაწმენდია“. ის თავში არსებულ შეგრძნებებს ემოციის გარეშე აღწერდა, მაგრამ მალევე ქირქილი დაიწყო. მან თქვა, რომ როცა წვებოდა და დუნდებოდა, ხშირად ამჩნევდა, რომ ქირქილს იწყებდა. ქირქილი საკმაოდ ძლიერი იყო და ბევრ კონვულსიურ მოძრაობებს შეიცავდა, მაგრამ მე ეს ძალიან უცნაურად მეჩვენა, რადგანაც ამისთვის არავითარი მიზეზი არ ჩანდა, არაფერს უკავშირდებოდა. მოგვიანებით, მან დასძინა, რომ როცა იღიმება, თავს უფრო გამთლიანებულად გრძნობს. მეორე მხრივ, როცა ღიმილს წყვეტს, უფრო სერიოზულად აღიქვამს საკუთარ თავს.

იგივე სესიაზე მან მომიყვა, რომ ყოველთვის არ იღიმება, რომ ძალიან იოლად შეუძლია ატირება ნებისმიერ დროს, როგორც კი გააცნობიერებს ყველაფერ იმას, რაც აკლია, განსაკუთრებით კი მეგობარი გოგონა აკლია. აღწერა ერთი საღამო, როცა ინდუსტრიული ქალაქის ქუჩებში სეირნობდა საკუთარ სახლთან ახლოს და ერთსა და იმავე დროს თან ტიროდა, თან ძალიან უნდოდა ყველა ფანჯარა შეემსხვრია. თავს საშინლად გრძნობდა. სხეული ტიროდა, მაგრამ თავი ამ ყველაფერს მხოლოდ თვალს ადევნებდა.

მან აგრეთვე თქვა, რომ სახლში და სამსახურში ხშირად ბრაზდება. მისი ბრაზი ყოველთვის მიმართულია საგნებისადმი და არასოდეს ადამიანებისადმი. მაგრამ ხალხი ამას არასწორად აღიქვამს და ეშინიათ ბრაზის შეტევების.

მან თქვა, რომ მიჩვეულია ხშირად მასტურბირებას, მაგრამ როგორც წესი ეს დიდ სიამოვნებას არ ანიჭებს. ამასთან ერთად, ფანტაზიები როგორც წესი სხვა კაცებს უკავშირდება და ამ ფანტაზიებში ის მათ სადისტურად ექცევა: ცემს გენიტალიებზე, დაღავს ან კასტრაციას უკეთებს.

პირველი სესიის ბოლოს მე მისი ღიმილის, როგორც თავდაცვის ინტერპრეტირება დავიწყე და ამან მისი მხრიდან შემდეგი სახის კომენტარი გამოიწვია: „მე მგონია, რომ ჩემი ღიმილი იმ გრძნობის გამოძახილია, რომ სიამოვნებით ჩაგარტყამდი თავში ძლიერად.“

შიზოიდი ადამიანების ერთერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისება თერაპიულად დასამუშავებელი მასალის შედარებით ადვილი ხელმისაწვდომობაა, ისევე როგორც მონდომება, რომლითაც ისინი მუშაობენ. ასეთი ადამიანების მკურნალობისას ტრადიციულ ხასიათის ანალიზს ძალიან მცირე სარგებელი მოაქვს. მათ არ აქვთ ხასიათობრივი ჯავშანი, რომ ის „გაინგრეს“, როგორც ეს ხდება რიგიდული სტრუქტურის თავდაცვის მექანიზმებთან მუშაობისას, რომელსაც ვხვდებით კომპულსიური ხასიათის მქონე ადამიანებითან. შიზოიდთან მუშაობის შემთხვევაში მუდმივად ვდგავართ თავდაცვის იმ ძალიან ნაზი და სათუთი სისტემის მსხვრევის საფრთხის წინაშე, რომელიც შიზოიდის კონტეინირებას ახდენს.

მაშინ, როცა თერაპიაში ხშირად ვაწყდებით ენერგიის მობილიზების პრობლემას, შიზოიდის ენერგია უკვე წყალდიდობის სახიფათო მდგომარეობაშია. როგორც ექიმმა ნიკ ვაალმა პირად საუბარში აღნიშნა, ამ თავდაცვის სწრაფი მოხსნით, რომელიც ენერგიის კონტეინირებას აკეთებს, შეიძლება ფსიქოტურ ეპიზოდამდე მივიდეთ.

შესაბამისად, პირველი, რაც ჯეიმსთან მუშაობისას ვისწავლე, იყო ის, რომ უარი უნდა მეთქვა სახელმძღვანელოებზე და პაციენტს მივყოლოდი, გავყოლოდი თერაპიულ პროცესს ფრთხილი ნაბიჯებით ჩვენს შორის ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად იმასთან დაკავშირებით, თუ კერძოდ რა ხდება ამ ეტაპზე სხეულსა და თავში. ვერ ვიტყვით, რომ ეს მკურნალობა ანალიტიკური თერაპია იყო: ძალიან მალე ის კონტაქტის თერაპია გახდა. შიზოიდს ყველაზე მეტად ჭირდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია თავისი ცნობიერება გახსნას და მიიღოს შიზოიდისთვის დამახასიათებელი ყველა უცნაური საქციელის. ადამიანი, რომელსაც შეუძლია გულითადი თანაგრძნობით გაუხსნას გული პაციენტის ტანჯვას.

შიზოიდი კიდევ უფრო უარესად იგრძნობს თავს ნებისმიერი გულგრილი, ინტელექტუალური მცდელობის პირობებში, რომელიც მის დახმარებაზეა მიმართული. მას ჭირდება ადამიანი, რომელიც შეძლებს გახსნას მკლავები, ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით, რომ პაციენტმა შეძლოს საკუთარი სხეულის და კანთან ენერგეტიკული კონტაქტის აღქმა, რომელიც არ ჰქონდა და რომელიც მისი მდგომარეობისთვის საბაზისოა.

ეს ყველაფერი მე უცებ ვერ გავიაზრე: ამ მონაყოლში აღწერილი იქნება რას აკეთებდა პაციენტი ან ამბობდა და როგორ იქცეოდა. ჩემი, როგორც თერაპევტის როლი, ძირითადად პასიური იყო. ეს იყო ბებიაქალის როლი, რომელიც მხარდაჭერას და ნუგეშს უზრუნველყოფს იმისთვის, რომ დედამ ბავშვის გაჩენა შეძლოს.

ჩემი მთავარი ამოცანა თერაპიის განმავლობაში შემდეგი იყო: ვყოფილიყავი მზად გამეშვა პროცესი და ნევროზისთვის საკუთარი გზით, პაციენტის საკუთარი ენერგიის მიხედვით განვითარების საშუალება მიმეცა; შიზოიდური დარღვევის ეს გაგება მე ალექსანდრე ლოუენისგან ვისწავლე. ის იყო ზუსტად ის ადამიანი, რომლის მიერ დასმული შიზოიდური განწყობის დიაგნოზი დამეხმარა მოვრეოდი გაგიჟების ჩემს შიშს და მესწავლა ჩემი შიზოიდი პაციენტის ნდობა.

ბაზისური დარღვევა
ამ სტატიით მე ვეცადე არა სესიების მიხედვით თერაპიული პროცესის აღწერას, არამედ განვითარების ძირითადი პატერნების გამოყოფას.
ჯეიმსის ცენტრალური პრობლემა მის თავსა და სხეულს შორის კავშირის დარღვევა იყო. მოშე ფელდენკრაიზმა მიაქცია ყურადღება თავის სხეულისგან მოწყვეტის მნიშვნელობას ადამიანის მთელი პოზის განსაზღვრისას:
„ადაპტაციის მთელი პროცესის შემდგომი სურათი მიღწეულია, როცა თავი არის ტელერეცეპტორი ანუ ის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით გარე სამყაროსთან ჩვენი ურთიერთობები ვრცელდება ჩვენი სხეულის საზღვრებს გარეთ, დასაყრდენი. ამრიგად,თავის ანატომია განსაზღვრავს ხმაურზე და გრავიტაციაზე საპასუხო რეაქციას. თვალები თავის უკვე არსებულ მოძრაობაში ახდენენ ინტეგრირებას. ცნობიერების პირველი გამოხატულება ჩნდება თავის კონტროლით, რომელიც საშუალებას აძლევს ბავშვს მიადევნოს თვალყური მოძრავ ობიექტებს და ხმაურის წყაროს და გაემართოს მათკენ.“

შიზოიდს კისრის არეში სპეციფიური გახლეჩა ახასიათებს, რომელშიც ყბის ფუძეში არსებული კუნთების ძლიერი დაჭიმულობაცაა ჩართული. ჩემი პაციენტი ამ დაძაბულობას შეიგრძნობდა, როგორც კისრის გარშემო ვიწროდ მოჭერილ თოკს, რომელიც თავის მოძრობით ემუქრებოდა იმ შემთხვევაში, თუ იმას არ გააკეთებდა, რასაც მისგან ელოდნენ. როცა თავი კარგად გრძნობდა თავს, სხეული იყო ცუდად. თუ სხეული კარგად გრძნობდა თავს, თავი იყო ცუდად. ამ დაძაბულობის გამო მისი თავი პირდაპირი მნიშვნელობით იყო მოწყვეტილი და სხეულისგან დისოცირებული. მაშინ როცა კომპულსიურ ხასიათის პიროვნების გაშეშებული კისრის უკანა კუნთების ზედაპირთან მუშაობით აგრესიის მობილიზება შეიძლება, შიზოიდის დაძაბულობა კისერში არც ისე ადვილადაა ხელმისაწვდომი.

ლოუენმა აღწერა ენერგეტიკული ქანქარის მოძრაობა ჯანსაღ ორგანიზმში. ენერგია მოძრაობს თავისკენ და შემდეგ უკან, გენიტალიებისკენ და მუსკულატურისკენ. ენერგიის მოძრაობის პატერნი, რომელიც ზუსტად აღწერს ჯეიმსის მდგომარეობას, შემდეგია: ქანქარის ბუნებრივი მოძრაობა დარღვეულია თავში არსებული ზედმეტი ენერგიის ხარჯზე. ენერგიის მუდმივ მოძრაობას თავისკენ ჯეიმსი აღწერდა, როგორც „პულსაციას“. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ენერგია ქვემოთ, სხეულში დაბრუნებულიყო და სხეულში ბუნებრივი განტვირთვას მოხმარებოდა, რაც კოორდინირებულ მოძრაობებში და სექსუალურ სიამოვნებაში გამოიხატება, ენერგია ფერხდებოდა ყბის ფუძეში დაძაბულობის გამო და თავში გროვდებოდა. ეს არის თავის ნორმალური რეზერვუარული ფუნქციის პერვერსია.

„შეუძლებელია გავიგოთ რეალობის პრინციპი, თუ იგნორირებას გავუკეთებთ იმ ფაქტს, რომ ტვინს და მთელ თავს შეუძლია ყველაზე ძლიერი იმპულსები შეინახოს.“
შიზოიდის თავში ენერგია დაჭერილია, როგორც ბოთლის ყელში. ის შეკუმშულია ქვემოთ და ბლოკირებულია გარეთ გამოხატვისგან, რაც სახის ექსპრესიაში და თბილ გამოხედვაში გამოიხატება. შიზოიდის შუბლი არაა ჩვეულებრივი ნევროტიკის შუბლივით ნაოჭებით დაფარული. მას აქვს ბრტყელი, ბლაგვი შუბლი და ჩემი პაციენტი თავის შუბლს როგორც „რკინის ფარდას“ ისე შეიგრძნობდა. ენერგია ისევეა გაყინული თავის წინა ნაწილში და სახეზე, როგორც კისრის ზედა ნაწილში. შუბლის არეში ეს ბლოკი ღრმადაა დაკავშირებული შიზოიდის თვალების ტიპიურ გამომეტყველებასთან.

ვილჰელმ რაიხი, რომელმაც პირველად გამოიყენა ამ მდგომარეობისთვის ბიოენერგეტიკული პრინციპები თავის შესანიშნავ ნოვატორულ სწავლებაში შიზოფრენიულ გახლეჩვაზე, გვაძლევს თვალების გამომეტყველების დეტალურ აღწერას შიზოფრენიის მდგომარეობაში. მანდ აღმოაჩინა, რომ ამ გამომეტყველებას ცენტრალური მნიშვნელობა აქვს გახლეჩვის ბუნების გაგებაში:
„მაქვს ერთი იდეა თავში, რომელიც არ მასვენებს: შეიძლება თუ არა, რომ შიზოფრენიული შეტევა ან პროცესს ლოკალიზებული მიზეზი/გამომწვევი აქვს, ისევე როგორც სხვა დაავადებების სიმპტომებს, როგორიცაა ანორექსია, თავის ტკივილი და შფოთვა (გულის ნევროზი)? და ეს მიზეზი ტვინის ფუძეშია, მხედველობის ნერვების გადაკვეთაზე? შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ შიზოფრენია ნამდვილი „ტვინის დაავადებაა“, რომელიც გამოწვეულია განსაკუთრებული ტიპის ემოციური შოკით, რომელიც ძლიერი შფოთვის გამო ტვინის განსაკუთრებული ნაწილების ადგილობრივ შეკუმშვას იწვევს?“

მე ვისწავლე ჯეიმსის თვალებში სამი ტიპის გამომეტყველების გარჩევა: პირველი გამოხედვა იყო ცივი, უსიცოცხლო, შუშისებრი და უპიროვნო. და მე მას აღვიქვამდი, როგორც „თევზის გამოხედვას“. ჯეიმსი მიცქერდა, როგორც ცივი თევზი. მეორე გამომეტყველება იყო ძლიერი, მწველი გამოხედვა, რომელშიც სასოწარკვეთილობა იგრძნობოდა. მესამე გამომეტყველება ასეთი იყო - თვალები თითქოს „მიდიოდნენ“, იწყებდნენ „ცურვას“, მათ საერთოდ არ ჰქონდათ ფოკუსი.

ამ გამოხედვების მნიშვნელობა, როგორც მკურნალობის პროცესში გაირკვა, შემდეგი იყო: უსიცოცხლო, თევზის გამომეტყველება იყო ჩვეულებრივი გაყინული გამოხედვა, რომელსაც ჯეიმსი შეიგრძნობდა, როგორც „შეფუთვას“. მაურის ნიკოლმა, რომელიც არა შიზოიდურ პიროვნებებზე, არამედ ჩვეულებრივი ნევროტიკების დისოციაციურ მდგომარეობებზე წერდა, ერთხელ დაწერა: „ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გრძნობების ძალა, რომელსაც განვიცდით. როგორც წესი, ჩვენ იქ არ ვართ. ჩვენ არასდროს ვართ სახლში. ჩვენ ყოველთვის გარეთ ვართ.

თუ ადამიანი ცხოვრობს წარმოსახვაში და წარმოსახვის საფუძველზე გაჩენილი აზრებით, ის ყოველთვის გარეთაა და არა სახლში. ასეთი ადამიანი ვერ გხედავთ. ის ხედავს თავის ოცნებებს თქვენზე, თავის წარმოსახვას, თავის ილუზიას თქვენს შესახებ.’ (6)

გარეთ, არა აქ ყოფნის კიდევ ერთი გამოცდილება შიგნით ყოფნის გამოცდილებაა, ისევე როგორც გრძნობა „მე აქ არ ვარ. ამ გრძნობის საფუძველი ენერგიის გადინებაა სხეულიდან პირდაპირ თავში, შემდეგ სახიდან შიგნით. შიზოიდური პიროვნება ნამდვილად სუსტ კონტაქტშია გარშემო მყოფ სამყაროსთან, იზოლაციის და არარეალურობის შეგრძნება ზუსტად შეესაბამება მის ენერგეტიკულ მდგომარეობას.

თვალების მეორე გამომეტყველება - ძლიერი, მწველი გამოხედვა ყოველთვის დაძაბულობის შეგრძნებასთან იყო დაკავშირებული. ჯეიმსს სურვილი ქონდა გარემოსთან შეხვედრის სირთულე გადაელახა და აიძულებდა თვალებს ვინმესთან კონტაქტი დაემყარებინათ. ეს იყო რეაქცია შეფუთვის შეგრძნებაზე, მცდელობა იმის, რომ გამოსულიყო აქედან და თვალებით გაებურღა ღრუბლები. პრობლემა იმაში იყო, რომ ასეთი ძლიერი ფოკუსის შენარჩუნება ნიშნავდა თავისკენ უფრო მეტი ენერგიის მოდინებას, რისი სტანდარტული შედეგიც თავში წნევის შეგრძნების გაძლიერება იყო.

ამგვარად, რამდენიმე წლის განმავლობაში ჯეიმსი იტანჯებოდა ხშირი და ძლიერი თავისტკივილებით და თავში „აფეთქების“ შეგრძნებით. აი ასე აღწერა მან ეს შეგრძნება ერთხელ სესიებს შორის:
„წნევა ჩემს თავში განსაზღვრულად პულსირებს. წნევა ძლიერდება და ძლიერდება და მე სასოწარკვეთილებას ვგრძნობ, შემდეგ მოდის „წკაპუნი“ და დროებით მოდის შემსუბუქება. მე მძიმედ ვსუნთქავ კმაყოფილებით და მერე წნევა იწყებს გაძლიერებას კიდევ უფრო ინტენსიურად. მე კი ფიქრებში ვყვირი: „ო არა, ოღონდ ისევ არა“ და ასე უსასრულოდ. ზოგჯერ ყბა მექავება, ზოგჯერ ძლიერ ტკივილს ვგრძნობ თავში. მე ვგრძნობ, რომ თვალებით მუდამ რაღაცას ვბლოკავ, განვდევნი. როცა მე პირველად დავფიქრდი ამაზე, მე ვიფიქრე, რომ ეს რაღაც შეიძლებოდა მზის კაშკაშა შუქთან ყოფილიყო კავშირში, მაგრამ ჩემი შუბლი ამ ოთახის ბუნდბუნდშიც კი შეჭმუხნულია.
წარბების აწევა დროებით შემსუბუქებას მაძლევს, მაგრამ ეს მხოლოდ შუბლში ჩაკეტილობის და გაურკვევლობის შეგრძნებას აძლიერებს. ამას კი ისეთ შეგრძნებამდე მივყავარ, თითქოს შუბლის შუაში ხვრელი გამიჭრეს.“

რა ემართება მთელ იმ ენერგიას, რომელიც თავში გროვდება? ის აქ სამუდამოდ ვერ დარჩება. როგორ გამოიხატება ეს და რა ემართება ენერგიას საბოლოოდ? ერთი მხრივ, ეს გვეხმარება ავხსნათ საკმაოდ ცოცხალი სიზმრები, ღამის კოშმარები და ჰალუცინაციები, რომლისკენაც მიდრეკილია შიზოიდი. ეს, რა თქმა უნდა, აფერადებს ფანტაზიებში ცხოვრებას. შემთხვევითი არაა, რომ ჩემი პაციენტი ჩამოხრჩობის და თავის მოჭრის ფანტაზიებისადმი ამჟღავნებდა აკვიატებულ ინტერესს.

ამ ფანტაზიებს უკავშირდება ის იდეა, რომ კარგი იქნებოდა მისი საკუთარი უცხო თავის ნაცვლად კარგი თავი მიემაგრებინათ, სახელდობრ ჩემი. სხვა დროს, როცა განსაკუთრებულ სასოწარკვეთილებას განიცდიდა, წნევის შეგრძნება მასში კედლისთვის ძლიერად დარტყმის სურვილს იწვევდა. „ ისე ძლიერად, რომ მთელი ჩემი რუხი ტვინის მასა გამოსულიყო. ერთხელ მე, პირდაპირ ვურტყამდი ჩემს თავს სახეში მანამ, სანამ ტკივილამდე არ მივედი. ასევე თმის გადაპარსვის სურვილის მქონდა.“

თუ ენერგია ნორმალურად და რიტმულად არ განიტვირთება/იხარჯება, ის არანორმალურად და არარიტმულად უნდა განიტვირთოს. ენერგიის უკუდინების პროცესის შედეგად ენერგიის გადინება მოძრაობასა და სექსუალურ ქცევაში მხოლოდ მცირე დოზით ხდება. სწორედ ამით აიხსნება შიზოიდის როგორც წესი არაკოორდინირებული მოძრაობა. მეორე მხრივ, თუ ენერგია უცებ სხეულში გამოიტყორცნება (და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ის წნევის ქვეშაა), ეფექტი ფეთქებადი და დესტრუქციული იქნება.

ჯეიმსს ძალიან აშინებდა ენერგიის ასეთი გამოსროლა თავის შეკუმშული ნაწილიდან (ამ ზედმეტად დამუხტული რეზერვუარიდან) სხეულში. ამ სიტუაციაში ჩვენ შეგვეძლო დავკვირვებოდით მისი თვალების მესამე დამახასიათებელ გამომეტყველებას: მცურავ გამოხედვას. როგორც წესი ჯეიმსი იბრძოდა იმისთვის, რომ ექსპრესია ჰქონოდა და ინტენსიური ფოკუსირებით ცდილობდა თვალით კონტაქტის შენარჩუნებას. თუმცა მე დავადგინე, რომ ეს მცურავი გამომეტყველება სხეულის ზედაპირზე, კუნთებში და გამომეტყველებაში დიდი რაოდენობით ენერგიის გამოსვლის პრელუდია იყო, და დროთა განმავლობაში მან ისწავლა გაცნობიერებულად დამორჩილებოდა ამის გამოხატვას ნებისმიერ დროს სესიის მიმდინარეობისას, როგორც კი გრძნობდა, რომ პროცესი იწყებოდა.

ეს მცურავი გამომეტყველება, რომელსაც მუდამ თან ახლდა თვალების მოძრაობა ზემოთ და შესამჩნევი ცვლილებები სუნთქვის რიტმში, პირველად რაიხისმა აღწერა:
„თვალები ხდებოდა ვუალირებული, შენიღბული, გამოხედვის გამომეტყველება ჰგავდა შორს მაცქერალისას და გარდა ამისა, როცა სხეულის დნობის შეგრძნება ძალიან ძლიერდებოდა, თვალები მკვეთრად შიგნით ტრიალდებოდნენ.“ (5)

ერთხელ ერთმა შიზოიდმა მითხრა: „ჩემი სხეული კი არ იკავებს ჩემს თავს, არამედ ჩემი თავი იკავებს ჩემს სხეულს.“ ჯეიმსი ასევე შეიგრძნობდა თავს, როგორც თავის „ციხე-სიმაგრეს“. როცა ენერგია ზემოთკენ ადიოდა, ის (დროებით) თავს ძლიერად და ყოვლისშემძლედ გრძნობდა. ის გრძნობდა, თითქოს მიწასთან აღარ იყო დაკავშირებული. ეს იყო ლივლივის ეთერული, სულიერი, ციური შეგრძნება. გასვლა კი არა, ასვლა. მან მომიყვა სიზმარი, რომლიც ყმაწვილობიდან ახსოვდა: ის არის შენობაში, რომელიც გავს უზარმაზარ ტაძარს. ის კონტაქტში იყო ნებისმიერთან მის შიგნით და სიმშვიდის და ერთიანობის შეგრძნება ქონდა. მას შემდეგ, რაც გარეთ გასვლის და სამყაროსთან შეხვედრის მცდელობისას სირთულეები შეექმნა, გადაწყვიტა იმდენად გაფართოებულიყო, რომ სამყარო მასში დატეულიყო. მალე ეს სამოთხისებური სიზმარი ღამის კოშმარად იქცა: ზემოთ მიმართულმა ენერგიამ ვერ ნახა უსასრულო სივრცე, სადაც გაფართოვდებოდა. ადრე თუ გვიან ის ადამიანის თავის ქალის საზღვრებს ხვდებოდა, რომელსაც განმეორებად სიზმარში ჯეიმსი მიწისქვეშა სარდაფის სახით ხედავდა სადაც დამწყვდეული იყო და ამ სარდაფის სახურავს ვერ ხსნიდა. ენერგიის უკან დაბრუნება, ისევე როგორც ყველა შიზოიდისთვის, მისთვისაც რთული იყო. ის თავდაჯერებული იყო მხოლოდ მანამ, სანამ ენერგიის ზეასვლა გრძელდებოდა.

ენერგიის ქვემოთ მიმართული მოძრობა, რომელიც თავში წნევას ამცირებს, აღიქმებოდა, როგორც კოლაფსი. ნებისმიერი ძლიერი სპონტანური დინება, მიმართული ქვემოთ, სხეულისკენ და განტვირთვისკენ, შეიგრძნობოდა როგორც დანაკარგი და კიდევ უფრო ძლიერი დეზორიენტაციაც კი. აქედან მოდიოდა დაკარგული, მცურავი თვალების გამომეტყველება, თითქოს ადამიანისა, რომელიც იძირება.

კოლაფსი სხეულში არის ის, რაც ხდება, როცა ენერგია იწყებს ინტენსიურად მოძრაობას ქვემოთ და გარეთ. საკუთარი თავის დაკარგვის შეგრძნება და დეზინტეგრაცია რაციონალურია, რადგან ესაა ზუსტად ის საშუალება, რომლის მეშვეობითაც შიზოიდური დარღვევის მოხსნაა შესაძლებელი. მხოლოდ სხეულის კონვულსიურ მოძრაობებს, რომლისაც ეშინია შიზოიდს, შეუძლია მიიყვანოს ის ინტეგრაციამდე და კოორდინაციამდე, რომელიც არ ყოფნის შიზოიდს. ამავე დროს, სხეულის ექსპერსიული მოძრაობების აყოლა/დანებება, რომელშიც თავიცაა ჩართული, შიზოიდისთვის დამახასიათებელი ცხოვრების სტილის კოლაფსის ტოლფასია.

შიზოიდი ეყრდნობა თავის თავს ისევე, როგორც ჰომოსექსუალური ხასიათი ეყრდნობა თავის პენისს. ლოუენი (7) ფიქრობდა, რომ ჰომოსექსუალს ეშინია ორგაზმის -„პატარა სიკვდილის“ იმიტომ, რომ მისი ცხოვრების შეგრძნება გენიტალიებზეა კონცენტრირებული და შესაბამისად, სქესობრივი აქტის შემდგომი გენიტალური შეგრძების დაკარგვა აღიქმება, როგორც პიროვნების რედუცირება. ჰომოსექსუალს გენიტალიების დაკარგვის ეშინია (კასტრაციის შიში); ხოლო შიზოიდს - თავის დაკარგვის (თავის დაკარგვის შიში). ასევე შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმსი მუდმივად ცდილობდა თავის „ერექციის“ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა.

თავიდან მე ეს პროცესი არც ისე კარგად მესმოდა და მქონდა ტენდენცია გავქცეოდი სიტუაციებს, რომლებსაც მივყავდი ძლიერ დინებამდე და მცურავ გამოხედვამდე კოლაპსის შეგრძნებით. ამ ყველაფრის გამოწვევა უდრიდა პაციენტისთვის რეალობის ყალბი შეგრძნების წართმევას, რომელსაც ის ავითარებდა. მე უბრალოდ მისი გიგიჟემდე მიყვანის მეშინოდა. ასევე შეიძლება, მე არ ვუბიძგებდი მას ზედმეტად ძლიერი შეგრძნებებისკენ. ამავე დროს ის უკეთესად არ განხდა მანამ, სანამ არ შეძლო ენერგიის გაშვება თავიდან,რომ ამ ენერგიას სხეულში საკუთარი გზა ეპოვა.

რაღაც პერიოდი მე მის თავსა და თვალებში არსებული ბლოკების აღწერაში გავატარე, რადგანაც ვთვლი რომ ეს ძირითადი დარღვევაა. მე შემეძლო გამომეყენებინა ტერმინი „ოკულარული ხასიათი“ როგორც ალტერნატიული აღწერითი ტერმინი ორალური ხასიათის ანალოგად. როცა რაიხმა თავისი თეორია განავითარა ჯავშნის სეგმენტურ ბუნებაზე, მან გამოხატა აზრი, რომ სხეულის სხვადასხვა არეებში არსებული დაძაბულობის გამოთავისუფლება სასურველია სეგმენტური, თანმიმდევრული სქემით მოხდეს, დაწყებული სახის და განსაკუთრებით თვალების გამომეტყველებით. ძირითადად ეს პროცედურის აუცილებელი ნაწილია (ლოუენის მუშაობაში მოცემულია სხვა მიდგომა); მე ვთვლი, რომ შიზოიდის მკურნალობისას ჩვენ არ გვექნება დიდი პროგრესი მანამ, სანამ თვალების ექსპრესიის ენერგეტიკული პრობლემა არ მოგვარდება.

სხეულის კოორდინაცია
სხეულის კოორდინაციის ნაკლებობა ჯეიმსისთან სხვადასხვანაირად იყო გამოხატული და ახლა ამას აგიღწერთ. მაგალითად, მას არ შეეძლო ბურთის დაჭერა, ის შეიგრძნობდა საკუთარ თავს არაადექვატურად, რადგანაც ყოველთვის წარუმატებელი იყო სპორტში, ცურვაში და ა.შ. თერაპია როცა დაიწყო, მაშინ მოტოციკლი ქონდა, მაგრამ ორჯერ მართვა დაკარგა და ავარიაში მოხვდა. თუმცა რთული გასაგებია, ეს უფრო მხედველობის პრობლემებთან იყო კავშირში თუ კუნთობრივი კოორდინაციის შიზოიდურ დაარღვევებთან. ზოგადად, ყოველდღიურ მატერიალურ ფუნქციონირებაში მის სხეულს აშკარა დარღვევები არ ქონდა, გარდა სტრესული სიტუაციისა. ასეთი შემთხვევები მიუთითებს ენერგიის ძალიან დიდი რაოდენობით წარმოქმნაზე, ანუ სხვა სიტყვებით, ენერგია იყო უფრო მეტი, ვიდრე თავს შეეძლო მისი აბსორბაცია და კონტეინირება. ამ დროს ენერგია სხეულისკენ დინებას იწყებდა, მაგალითად, კიდურებისკენ და ის აღიქვამდა ამას, როგორც რაღაც უცნაურს და შემაწუხებელს.

ძლიერი ემოციური სტრესის ფონზე ფეხებში და მუხლებში სისუსტეს და კანკალს გრძნობდა. ასევე ყოფილა შემთხვევები, როცა დანა-ჩანგლის ჭერისას ხელები უკანკალებდა მაშინ, როცა რესტორანში იყო, სადაც თავს განსაკუთრებით შეცბუნებულად გრძნობდა და ღელავდა.

ყველაზე მეტად საკუთარი სხეულის ექსპრესიული გამოყენება უჭირდა. მე აღვწერ 3 ძირითად ასპექტს: სახის ექსპრესიას, სექსუალურ ქცევას და ბრაზის გამოხატვას.
მე უკვე აღვწერე მისი ღიმილის განსაკუთრებული როლი პირველ სესიაში. მისი ტუჩები იყო წვრილი და შეიგრძნობდა მთელს თავის პირს და ნიკაპს, როგორც უცხო სხეულს. უნდოდა მოეჭრა ნიკაპი, რადგან ის მას „არ ეკუთვნოდა“ და მოეკვნიტა ტუჩები, რადგანაც ისინი არაფერს გრძნობდნენ. ის აღიქვამდა საკუთარ სახეს ღიმილის დროს, როგორც თავის ქალას. ის გრძნობდა მკვდარი სხეულის შეგძნებას საკუთარი სახის გამომეტყველებაში და აღწერდა ჰალუცინაციას, რომელიც სავარაუდოდ მისი გამომეტყველების შინაგანი პროექცია იყო. კაცმა, რომელსაც უმეტყველო თვალები და უნაკვთებო სახე ქონდა, მოტყუებით ჩაიყვანა სახლის სარდაფში და შემდეგ მიწაში ღრმად ჩამარხულ ქვის აკლდამაში დაატყვევა. ეს ქვის აკლდამა პირდაპირი მნიშვნელობით გამოხატავდა მის შეგრძნებებს, რომ ენერგია ჩაკეტილია თავის ქალაში და მომწყვდეულია იქ თავის გაქვავებული ფრონტალური და ბაზალური სფეროების დახმარებით.

მას სძულდა საკუთარი თავის გამოსახულება სარკეში, გრძნობდა თავს სრულიად მოცილებულს იმისგან, რასაც ხედავდა. საკუთარ სახეს აღიქვამდა, როგორც საზიზღრად მახინჯს. ამავე დროს ამას ნიღბავდა ხელოვნური ქედმაღლობით და საკუთარი მნიშვნელოვანების გადაჭარბებით. ამ გრძნობის რაციონალური სათავე იყო იმის შეგრძნება, რომ მისი ენერგეტიკული მარაგი უფრო ძლიერი და ცოცხალი იყო, ვიდრე სხვების. მასში არსებული სინაზის, მგრძნობიარობის და გაგების მარაგი კი ათვისებას უცდიდა. ამის წინაღობა კი სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერტად, სახის ცივი, გაყინული გამომეტყველება იყო.

ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სექსუალურ ინტერესს განიცდიდა, გრძნობები ზედაპირზე აღწევდა, კერძოდ სახეზე და ლოყებზე, სიწითლის სახით. ის განიცდიდა ამას, როგორც რაღაცას, რაც აწუხებდა და წესრიგს არღვევდა; რაღაცას, რისგანაც თავის გათავისუფლება სურდა. გაწითლება თავისთავად კოლაფსის სახეობა იყო, ისევე როგორც ნებისმიერი სპონტანური ვეგეტატიური რეაქცია. თერაპიის კურსის დროს მას მოუწია იმის სწავლა, რომ სიწითლე მიეღო, იდენტიფიცირება გაეკეთებინა და ეღიარებინა, რომ ეს სიწითლე იყო ერთ-ერთი გზა, რომლის საშუალებითაც, მიუხედავად მასში არსებული დარღვევებისა, სხეული აცხადებდა, რომ ცოცხალი იყო.

ის განიცდიდა ძლიერ სექსუალურ აღგზნებას მამაკაცების მიმართ, რომელთა სხეულს ის აღიქვამდა უფრო ცოცხლად, გრაციოზულად და კოორდინირებულად, ვიდრე თავისას. ამის მიუხედავად, მისი სექსუალური ფანტაზიების უმეტესობა სადისტური იყო და შედეგად მასში საკუთარი თავისგან გაუცხოვებას იწვევდა. თითქოს მას სჭირდებოდა დაესაჯა ფანტაზიების გმირები იმისთვის, რომ მათი სხეულები მისას ჯობდა. მისი საქციელი მასტურბაციის დროს, როგორც ის აღწერდა, მოიცავდა ძლიერ კუნთოვან კონცენტრაციას და წნევას/ზეწოლას, რომელიც მიმართული იყო გენიტალიების მიდამოში ენერგიის ფოკუსირებისთვის: „მე განზრახ ვიყენებ გენიტალიებში არსებულ შეგრძნებებს იმისათვის, რომ ენერგია თავიდან გამოვიტანო.“

ამგვარად, გენიტალიების განტვირთვა ძალიან რთული სამუშაო იყო, წამყვანი ძალა მოდიოდა ზედმეტად დამუხტული თავიდან, მისი რთული ვიზუალური ფანტაზიის სტრუქტურით, რომლის შედეგი იყო ძალიან სუსტი კმაყოფილება, რადგან ენერგიის უდიდესი ნაწილი მაინც თავში რჩებოდა. მისი ტიპიური პატერნი იყო განმეორებადი მასტურბაციების სერია, და თითოეული შემდეგი მასტურბაცია უფრო და უფრო ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო, მაგრამ საერთო ეფექტი მის ენერგეტიკულ დონეს დროებით ამცირებდა.

შემდეგ მოდიოდა სინდისის ქენჯნის შეგრძნება და „ახალი სტარტის“ საჭიროება - ძირითადად ენერგიის ზესვლის და გაფართოების ახალი ციკლის დასაწყისი. ეს ასოცირებული იყო სამუშაოში ჩაფლობის სურვილტან, ადამიანებთან კონტაქტის ახალ მცდელობებთან და ა.შ. მანამ, სანამ თავში წნევის შეგრძნება არ აიწევდა და თავიდან დაიწყებოდა მასტურბაციის ციკლი.

შიზოიდისთვის ყოველთვის რთულია ბრაზის გამოხატვა. ის, რასაც აღწერდა ჯეიმსი როგორც წყობილებიდან გამოსვლას სახლში ან სამსახურში, ვერბალურ აქტივობას მოიცავდა: მაგალითად, ის უყვიროდა ვიღაცას, ვინც მისი აზრით, რაღაც სულელურს აკეთებდა. ის თვლიდა, რომ ასეთი ვერბალური თავდასხმით, მას შეეძლო ადამიანების ჯავშნის მოხსნა, რათა მიეღო მათგან მსუბუქი კონტაქტი და თბილი პასუხი. ასეთი ვებალური თავდასხმა იყო ენერგიის ფოკუსირება, რომელიც უტოლდებოდა ვიზუალური კონტაქტის ენერგიის ფოკუსირებას. ამას არ მოყვებოდა ადექვატური განტვირთვა. მეორე მხრივ, როცა ბრაზი მიდიოდა მუსკულატურამდე, სადაც მისი განტვირთვა შეიძლებოდა, ჯეიმსი „გადიოდა“ და დისოცირდებოდა. მან აღწერა ერთი ასეთი შემთხვევა წერილში:
„ჩემი თავი მაიძულებს, რომ სასოწარკვეთა ვიგრძნო. ერთხელ საღამოს მე მარტო ვიყავი სახლში. სიბრაზეს და მარტოობას ვგრძნობდი. მე ავიღე ყვავილები თაროდან, ვგლეჯდი და იატაკზე ვყრიდი. მე გადავთელე ფეხებით და მთელი ძალით დავანარცხე იატაკზე შუშის ბოთლი, იმის მოლოდინში, რომ ის ნატეხებად დაიმსხვრეოდა, მაგრამ ბოთლი მაგარი აღმოჩნდა. ბოლოს სასურველ შედეგს მივაღწიე და ნამსხვრევები სამზარეულოს ნიჟარაში დავტოვე. იატაკზე ვგორაობდი, ვქვითინებდი და გლანძღავდით. იატაკი და ბალიშები სულ დავდორბლე. ბოლოს, როცა გრძნობები დაწყნარდა, მე დავწერე ინკოჰერენტული დიატრიბა (კრიტიკული წერილი) თქვენს წინააღმდეგ. მე ნამდვილად შემეძლო თქვენი მოკვლა. . მე თქვენ გადანაშაულებდით იმაში, რომ ამ მდგომარეობაში ვიყავი.“

აღვწერე რა ჯეიმსის შიზოიდური დარღვევების ძირითადი მაჩვენებლები და ის, თუ როგორ ვითარდებოდა ისინი თერაპიის განმავლობაში, ეს შესაფერისი მომენტია, რომ ტრანსფერის/გადატანის სიტუაციაზე ვისაუბრო.

ტრანსფერი/გადატანა
ფრიდა ფრომმ-რეიხმანის მტკიცებით, „გადატანის სრული და თანაგრძნობით განხილვა არის შიზოიდთან ფსიქოთერაპიის ბირთვი.“ 9
ტრანსფერის პირველი ემოცია ჩემთან მიმართებაში იყო უნდობლობა. ის თვლიდა რომ ჩემზე უკეთესი იყო ბევრ რამეში და არ სჯეროდა, რომ მე ნამდვილად შემეძლო დახმარება. ყველაფერი, რასაც მას სჭირდებოდა, იყო სიყვარული და ყველაფერი რასაც ის იღებდა იყო უამრავი უაზრო სიტყვა. მე არ შევეფერებოდი მას, მე არასოდეს ვყოფილვარ საკმაოდ ძლიერი იმისათვის, რომ მოვრეოდი მის ენერგიებს და ა.შ. ყველა ტრანსფერული სიტუაციის დროს, მაგრამ განსაკუთრებით შიზოიდთან მუშაობისას, თერაპევტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარი კონტრ-ტრანსფერის გაცნობიერება. სხვა შემთხვევაში, თერაპია მალევე შეფერხდება თვით თერაპევტის პრობლემების გამო, რომლის შესახებაც შიზოიდური აღქმა, რაღაც მისტიური გზით ამას ხვდება. „მათ შეუძლიათ თერაპევტის დანახვა რენტგენივით-წერდა ლოუენი-ისევე სწრაფად, როგორც თერაპევტი ხედავს მათ. და რომელი ჩვენგანი შეიძლება იყოს სრულიად თავისუფალი ნევროტული პრობლემებისგან? 4

კონტრ-ტრანსფერი უნდობლობის გრძნობაზე-საკუთარი თავის გამართლებაა. შეიძლება საკუთარ თავს ვუთხრათ, რომ მხოლოდ პაციენტის არაჯანსაღი დამოკიდებულება ხდის მას ასეთ კრიტიკულს და ა.შ; ბუნებრივია, თერაპევტი არც ისე დისტანციური ფიგურაა, როგორც მასზე ფიქრობს პაციენტი და ა.შ. საბედნიეროდ, რაიხის ნაშრომებით მე ვისწავლე შიზოიდის აზრის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება მქონოდა. ასეთი მიდგომით ჯეიმსთან მუშაობისას ბევრი რამ გავიგე საკუთარი თავის შესახებ, განვვითარდი თერაპიის პროცესში და შევძელი ჯეიმსს დავხმარებოდი ისეთი გზებით, რომელთა წარმოდგენა ადრე არც კი შემეძლო. თუ მართალია, როგორც ლოუენი ამბობდა, რომ შიზოიდური წინააღმდეგობა თერაპევტის უნდობლობის ფორმას იღებს და თერაპიის და თერაპევტის შიშში გამოიხატება, ისიც მართალია, რომ ბევრ თერაპევტს გაუცნობიერებლად ეშინია პაციენტის. შიზოიდი პაციენტი მზადაა თავისი უნდობლობა გადალახოს, თუ თერაპევტი მზად იქნება თავისი შიშის გადალახვისთვის.

ტრანსფერის სიტუაციას ამასთანავე ართულებს ის ფაქტი, რომ შიზოიდი პაციენტს ახასიათებს თავისი საკუთარი მდგომარეობის პროეცირება თერაპევტზე. რამდენიმე თვის განმავლობაში ჯეიმსი მსაყვედურობდა, რომ ცივი და მისგან დისტანცირებული ვიყავი. ზოგჯერ ის სწორად აცნობიერებდა, რომ მე ვიცავ ჩემს საკუთარ ნაწილს, რომელიც ხელს შეუშლიდა თერაპიას; ზოგჯერ ის გაცლის და საკუთარ თავში ჩაკეტვის დროს საკუთარი გრძნობების პროეცირებას ახდენდა ჩვენს ურთიერთობაზე.

თერაპევტის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა იყოს საკმარისად დაკონტაქტებული თავის გრძნობებთან და მისცეს პაციენტს საკმარისი შესაძლებლობა იყოს სწორი, როგორც მინიმუმ, დროის რაღაც ნაწილში, იმისთვის რომ გაიზარდოს ნამდვილი ურთიერთგაგება და ნდობა. ფრიდა ფრომმ-რეიხმანი შეგვახსენებს, რომ ურთიერთობა იბლოკება და ან საერთოდ არხდება, ეს არა პაციენტის ფსიქოპათოლოგიის, არამედ თერაპევტის საკუთარი სირთულეების ბრალია.

მე საკმაოდ დიდხანს მეშინოდა ჯეიმსის გაყინული დესტრუქციულობის. მე ავირეკლავდი იმ გარემოს, რომელიც ჯეიმსმა უკვე გადაიტანა და ეს იყო ზუსტად ის შიში, რომელიც კვებავდა დესტრუქციულობას, რადგანაც ის ბადებდა იზოლაციას და სეპარაციას და თავიდან აძლიერებდა მომაკვდინებელ გრძნობებსა და დაუმუხტავ კუნთებს შორის არსებულ განხეთქილებას.

ჯონ როზენი აცნობიერებდა პაციენტის აგრესიის მასზე, ანუ თერაპევტზე ფოკუსირების მნიშვნელობას. „თერაპიის მიზანია მიმართოს ეს აგრესია თერაპევტზე მანამ, სანამ პაციენტი ამორფულად მოახერხებს მის გაქარვებას თავისი ჩვეული მეთოდებით“ (ვახდენ ლოუენის ციტირებას როზენის წიგნის მიხედვით, 10). ბრაზის გამოხატვასთან მუშაობისას, შიზოიდ პაციენტთან გამოიყენება ფიზიკური ბრძოლის მეთოდი. თერაპევტი იწყებს ნდობას პაციენტის აგრესიული ძალისა, როგორც განმკურნებელის და აღმდგენის, როცა ის მოედინება დამუხტულ კუნთებში.

გაცილებით უფრო ნაკლებად სახიფათოა გაცოფებულ პაციენტთან ბრძოლა, რომელიც კონკრეტულ სიტუაციასთან კონტაქტშია, ვიდრე ისეთთან, რომელიც პირველ სესიაზე ამბობს ფრაზას: „მე შემიძლია მაგრად ჩაგარტყა თავში“ და ამ დროს სახეზე ცივი, უმოძრაო ღიმილი აქვს. რომ არაფერი ვთქვათ უკვე იმაზე, რომ სიტუაცია, სადაც ასეთი ფორმით აქტივობა ხდება შესაძლებელი გახდა მხოლოდ თვალების გამომეტყველების ფუნქციის დამუშავების შემდეგ, რომელიც ზემოთ აღვწერეთ.

კუნთების გავლით ენერგიის გაშვების სწავლის პროცესში ჯეიმსმა ის ისწავლა, რომ არ უნდა შეშინებოდა საკუთარი აგრესიული ემოციების. აგრესიის გარეგანულად გამოხატვა დაეხმარა უფრო მკვეთრად დაენახა თავისი ფანტაზიების ძალა, იმიტომ, რომ ახლა ისინი ფოკუსირებული იყო ჩემზე, მისთვის ახლობელ ადამიანზე და არა შორეულ, აბსტრაქტულ ადამიანებზე, რომლებსაც პრაქტიკულად არ იცნობდა. ამრიგად, თანდათან მან ნება მისცა თავის თავს და სხეულს უფრო მეტად „აალებულიყო“. მე მჯერა, რომ მისი სადისტური ფანტაზიების თემა არ მოგვარდა მანამ, სანამ ისინი მამისკენ არ მიმართა, და ეს დროთა განმავლობაში, ბუნებრივად მოხდა, როცა მან მიიღო და იდენტიფიკაცია გაუკეთა საკუთარი ენერგიის ამ კონკრეტული ფორმით გამოვლინებას, ენერგიაზე მაღლა დადგომის უშედეგო მცდელობების და ამ ენერგიის გაშვების გამო საკუთარი თავის შეზიზღების გარეშე.

ასეთნაირადვე, რაიხის შიზოფრენიით დაავადებულმა პაციენტმა ნელ-ნელა ისწავლა „თვალებში სასიკვდილო სიძულვილის პროდუცირება, შიშის გარეშე. ამან მისცა მას უსაფრთხობის გრძნობა მისი შიშის მიმართ, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ ის ჩაიდენდა მკვლელობას; მან გააცნობიერა, რომ ადამიანს შეუძლია ბოლომდე გამოხატოს სასიკვდილო სიძულვილი და ეს არ ნიშნავს, რომ ის მართლაც მკვლელობას ჩაიდენს.“

ისევე, როგორც როზენი და ბევრი ბიოენერგეტიკაზე ორიენტირებული თერაპევტი „იღებდა გამოწვევას“ და საკუთარ თავზე იღებდა ფიზიკური აგრესიის გამოვლენას, სხვა თერაპევტები ფიზიკური სითბოს გამოვლინებებს იღებდნენ საკუთარ თავზე. ფილიპ გოლდი აღწერს მანიაკალურ-დეპრესიულ პაციენტ ქალთან მუშაობას, როცა ის განიცდიდა სიცივის აღქმის პერიოდს თავის კანში.“შემდეგ სესიებზე ის სპონტანურად მოდიოდა ჩემს მკლავებში, მეხუტებოდა სხეულზე, გამოსცემდა წოვის ხმას და კვნესოდა, სანამ ჩაეძინებოდა.“ (11)

შიზოიდი პაციენტი სწორედ ასევე ძალიან მოშიებულია ფიზიკურ სითბოს და კონტაქტს. ჯეიმსს არ ჰქონდა სპონტანურობა. თავიდან ის კომპულსიურად ეძებდა, ანუ შეეძლო სწრაფად მოახლოებოდა ჩემს სხეულს ყოველგვარი გაფრთხილების ან მომამზადებელი მოძრაობის გარეშე. პირველი რამოდენიმე ასეთი საქციელის დროს დათგრუნული იყო საკუთარი უბადრუკობის შეგრძნებით იმის გამო, რომ „უარყვეს“. თანდათანობით მან ისწავლა უცებ მივარდნის გარეშე მიახლოების უპირატესობის დაშვება, როცა პროცესში ტავიცაა ჩართული.

მთელი მკურნალობის კრიტიკული წერტილი იყო ის მომენტი, როცა მან პირველად შეძლო ტუჩებით წოვა. რადგანაც ტუჩები მობილიზდა იყო ღიმილთან მუშაობით და ყბის რაღაც ნაწილის დაძაბულობა კბენის საშუალებით გამოთავისუფლდა, მისი ყელის არემ გადნობა დაიწყო. დიდი ხნის განმავლობაში ის სადისტური ფანტაზიებით, ტუჩების და პირის მოკუმვით იცავდა თავის საკუთარ საჭიროებებთან კონტაქტისგან. ჯეიმსის პირი გახდა ჭიშკარი თავის და სხეულის ინტეგრაციისთვის.
მასში მოდიოდა სხვადასხვაგვარი გრძნობა, რომლებიც ერთმანეთს ცვლიდა: ეროტიული, ნაზი და სევდიანი. პირველად მის ცხოვრებაში მისი გული და თავი შეერთდა სხეულის ექსპრესიულ მოძრაობაში, მიტოვებული ენერგიის მუხტით, რომელიც ტუჩებამდე მოვიდა.

ადრე, როცა ის ტიროდა, ის იყო ძალადობრივი,ძლიერი და ხმამაღალი და გამოდიოდა მისი ყელის ვიწრო გამოსასვლელიდან, ახლა ჯეიმსს პირველად შეძლო ღრმა კონვულსიური ქვითინი, რომელიც ათავისუფლებდა მის მთელს სხეულს და ავსებდა სითბოთი. მან ისევ განსაკუთრებით შეიგრძნო დედასთან თბილი კონტაქტის მოთხოვნილება და ფაქტი, რომ ეს შეუძლებელი იყო მის ბავშვობაში. მაგრამ ახლა ის განიცდიდა ამ დეპრივაციას სევდით და გლოვით. და რაც მთავარია „გაყინვის“ გარეშე.

„თერაპევტის გულითადობა-წერდა ლოუენი- ეს არის თერაპიული ინსტრუმენტი, რომლის დახმარებით მას შეუძლია გაცილებით უფრო ღრმად გაადგმევინოს პაციენტს ფესვები რეალობაში. ის სითბო, რომელიც ჭირდება პაციენტს, იქმნება ენერგიის დინებით მისი სხეულის ქსოვილებში და მუსკულატურაში. ძალიან ცოტა პაციენტი აღელდება უფრო მეტად, ვიდრე ის, რომელიც აღმოაჩენს,რომ მამისი სხეული ხდება ცოცხალი, კიდურები-თბილი და კანი ვარდისფერი“ ჯეიმსი თითქმის პირდაპირი მნიშვნელობით სვამდა თავის სითბოს, თავიდან ჩემთან კონტაქტის, როგორც საკუთარ სხეულამდე მისასვლელი ხიდის გამოყენებით.

ახლა პირველად ცხოვრებაში ის სერიოზულად დაინტერესდა საწინააღმდეგო სქესით. სხეულის ქსოვილების დამუხტვა პარალელურად მიდიოდა სოციალურ ცხოვრებაში სპონტანური გარევით. ის ცდილობდა ურთიერთობის დაწყებას ერთ-ორ გოგონასთან. თავიდან არავითარი განსაკუთრებული ცვლილება არ იყო და კიდევ უფრო მეტი შიში და თერაპიული სიტუაციის გარეთ უნდობლობა რჩებოდა.

ამის მიუხედავად, მოხდა ორიენტაციის გადართვა მის ცხოვრებაში: ჰომოსექსუალურიდან ჰეტეროსექსუალურამდე, სადისტური ფანტაზიებიდან-ნაზ ფანტაზიებამდე, გახლეჩილი მძიმე კონტაქტიდან-გამთლიანებულ ფიზიკურ კონტაქტამდე; დაბინდული ან გასული თვალებიდან-თვალებამდე, რომლებიც შეიძლება გრძნობებით აივსოს; თავიდან, რომელიციყო აბნეული და დათრგუნული-თავამდე, რომელიც გრძნობდა სიახლეს და სიმკვეთრეს.

ფაქტიურად, ენერგეტიკული ქანქარის მოძრაობის დარღვევა დაძლეული იყო. ადრე მისი ფუნქციონირების ერთადერთი გზა იყო ასეთი: ენერგიის მოძრაობა ზემოთ, ზედმეტად დამუხტული თავისკენ, შემდეგ მოდიოდა ენერგია ქვემოთ არასაკმარისად დამუხტულ გენიტალიებისკენ (ნორმალური რიტმის პერვერსია)-ახლა ის ამ შიზოიდურ მექანიზმის მხოლოდ მხოლოდ სტრესის დროს უბრუნდებოდა. უფრო და უფრო შესაძლებელი ხდებოდა სიამოვნებით მასტურბირება და ამაში თავის განცდების ჩართვაც. წნევის შეგრძნებამ დატოვა ის, რადგანაც ენერგია ჯანსაღი გზით განიმუხტებოდა, მისი ფეხები გაძლიერდა ენერგიის ძლიერი დინების ხარჯზე და სხეულში აღარ იყო კოლაპსისადმი მიდრეკილება.
ძირითად პრობლემად რჩებოდა სოციალური პრობლემები. სქესობრივი ურთიერთობის დამყარების მცდელობების მიუხედავად, მან ვერ მონახა შესაფერისი პარტნიორი ქალი. ზოგჯერ ის გრძნობდა, რომ აქტიურად უნდა ეძებნა ის, თუმცა მას არ ჰქონდა სურვილი ევლო მაგალითად ცეკვაზე ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე. რაღაც დროის შემდეგ, მისი შფოთვა, რომ ვერ ნახავდა პარტნიორ ქალს, შემცირდა და ის იღებდა სიამოვნებას, როგორც უცოლო მამაკაცი და ცხოვრობდა აქტიური ცხოვრებით. ნამდვილად, მისი ცხოვრების ყველა ნორმალური ფუნქცია გახდა სასიამოვნო, და დაძაბულობის დიდი ნაწილი, რომელსაც ის განიცდიდა, დაკავშირებული იყო პროფესიულ სფეროსთან.
ამ ეტაპისთვის მას უკვე თერაპიის 250 სესია ქონდა გავლილი. ის უფრო შორს წავიდა, ვიდრე მე მიმაჩნდა შესაძლებლად. მე ვხედავდი, რომ მისი სირთულეების უდიდესი ნაწილი გადამუშავდა. მას დარჩა მისი რეალური კოორდინაციის შემოწმება რეალურ სექსუალურ ურთიერთობებში. მე მესმოდა, რომ მეტი არაფერი დარჩა, რაც თერაპიის გზით მიიღწეოდა და ჩვენ მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ შეგვეწყვიტა მკურნალობა.

განვითარება თერაპიის დასრულების შემდეგ
პაციენტების ისტორიების ბევრი ნაწილი ამ ეტაპზე მტავრდება და ყოველთვის საინტერესოა, თუ როგორ გაგრძელდა იმ პაციენტების ისტორია, რომლებიც უბრუნდებიან ცხოვრებას თერაპიული სესიების გარეთ. შიზოიდის შემთხვევაში რეალობის შეგრძნების დარღვევის გამო განსაკუთრებით მნიშველოვანია დარწმუნებული იყო იმაში, რომ გაუმჯობესება, რომელსაც თერაპიის გზით მივაღწიეთ, შენარჩუნდება და მაშინ ჩვენ მივიღებთ იმის ნამდვილ სურათს, თუ რა იქნა მიღწეული. ამიტომაც მე გადავდე მისი თერაპიის აღწერა სანამ არ გავიდა 4 წელიწადი.

თერაპიის დასრულებიდან მალე ჯეიმსს შეუყვარდა მასზე რამოდენიმე წლით უმცროსი გოგონა, რომელიც როგორც ჩანდა მისით დაინტერესდა. მათ შორის ინტენსიური ურთიერთობები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. სამწუხაროდ გოგონა საკმაოდ ჭირვეული აღმოჩდა, ისტერიული ხასიათით. მას ახასიათებდა ქცევის შემდეგი პატერნი: სითბო, რომელიც აქეზებდა კაცებს, რომლის მიმართც ის განიცდიდა გრძნობებს და შემდეგ ხდებოდა ცივი, მტრული და მკაცრი, როცა პასუხად იღებდა ყურადღებას და ინტერესს. მე ვიცნობდი ამ გოგოს.

თუმცა ის ძალიან მიჯაჭვული იყო ამ გოგონაზე მისი პრობლემების მიუხედავად, გოგონას დაეწყო შიში მისი ცხოვრების ცვლილებების გამო, რომელთან შეეძლო მიეყვანა ის სერიოზულ ურთიერთობებამდე და ის დედის მხრიდან ძლიერი წნეხის ქვეშ იყო. რამდენიმე თვის შემდეგ მან შეწყვიტა ურთიერთობები ჯეიმსთან.
იმისთვის, ვისაც დაჭირდა ამდენი დრო, რომ მიეღწია გოგონასთან სერიოზული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭირო თვითდაჯერებულობისთის, ეს იყო დიდი დარტყმა, რომელმაც გული გაუტეხა. მას ბევრი დრო დასჭირდა, რომ აღედგინა თავი. ამის მიუხედავად ის რეაგირებდა შედარებით ჯანსაღად: ბრაზის და სევდის გამოვლინებით. რაღაც პერიოდის შემდეგ მან ეს გადაიტანა, სამსახურშიც დაწინაურდა და გადაიყვანეს სხვა ქალაქში, სადაც ახალ ხალხს შეხვდა. მან ისევ დაიწყო ურთიერთობა ქალებთან დრამატულ (თეატრალურ) წრეში და ჰუმანისტების ჯგუფებში, რომლის წევრიციყო. ერთერთი მათგანი, გაშორებული ქალი 2 ბავშვით წინა ქორწინებიდან, ხელოვნების მასწავლებელი, მას ძალიან მოეწონა.

ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობები განვითარდა, მათ ახასიათებდათ ორმხრივი მიზიდულობა, აღმოაჩინეს ბევრი საერთო ინტერესი და სიამოვნებით ატარებდნენ ერთად დროს, მაგრამ ორივე მხრიდან პასუხისმგებლობის მიღების შიში აფუჭებდა ურთიერთობას. ანდაზა „რძეზე დამწვარი წყალს სულს უბერავდაო“ ორივეზე გამართლებული იყო. ქალი ვერ გამოხატავდა თავს ბოლომდე სქესობრივ ურთიერთობაში ქორწინების გარე ურთიერთობების დანაშაულის გრძნობის გამო. კაცი კი ფარულად იმით იყო დაშინებული, რომ უნდა ეფიქრა ქორწინებაზე, რომელსაც თითქოს ორივე ელოდა.

ეს სიტუაცია მიახლოვდა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების მომენტთან. ეს გახდა მაქსიმალური სტრესი, რომლის გამოც დროებით ყველა შიზოიდური ელემენტის რეაქტივაცია მოხდა. ის გრძნობდა რომ გამოჭერილი იყო სოცილური მოლოდინების სიტუაციაში, რომელშიც უნდა გაევლო მოვალეობის გრძნობის გამო, თუმცა ამისთვის ემოციურად მზად არ იყო. ამის შედეგად ის სრული ამბივალენტურობის მდგომარობაში აღმოჩდა საკუთარ გრძნობებთან მიმართებაში.

დღიდან დღემდე ის მერყეობდა ძლიერ მიზიდულობასა და ძლიერ ზიზღს შორის იმ ქალის მიმართ, რომელიც ცოლად უნდა მოეყვანა; ის უსუსურობას გრძნობდა იმაში, რომ გაერკვია თუ რა იყო მის საქციელში ნამდვილი და რა ნევროტული, ინდუცირებული შიში. კოლაპსის და სხვა ძველი სიმპტომები დაბრუნდნენ ახალი ძალით. მან დაიწყო დაეჭვება თავის საღ აზრში და ქორწინებამდე რამდენიმე ხნით ადრე მოვიდა ჩემთან ექსტერნ სესიაზე.

ამ სესიამ ჩაიარა კონსულტირების ფორმაში. იყო მხოლოდ ერთი ფაქტორი, რომელმაც მისი გაუარესების პროვოცირება მოახდინა-წნეხის ინტენსიური შეგძნება, რომლითაც გარემოცული იყო ქორწილი: წნეხი, რომელიც მჭიდრო კავშირში იყო სოციალურ პირობებთან, რომლებიც თან ახლავს ქორწინებას. ერთადერთი გზა ამ გაუარესებასთან დასაპირისპირებლად იყო კეთილდღეობის მდგომარეობასთან დაბრუნება, კონტაქტის აღდგენა საკუთარ გრძნობებთან და ფუნქციონირების უნართან, სიამოვნების მიღებით, იყო წნევის მოცილება. ერთადერთი შესაფერისი რჩევა იყო ის, რომ გადაედოთ ქორწილი განუსაზღვრელი დროით მანამ, სანამ ეს იდეა მისთვისვე არ იქნებოდა მიმზიდველი. ეს მარტივი რჩევა, რომელიც მას მივეცი, მართლაც ეფექტური გამოდგა.

ყველა სხვა გავლენა მისი გარემოცვიდან შემდგომში მდგომარეობდა: „მოკეტე პირი და უბრალოდ გადაიტანე ეს; ეხლა უკან მოსაბრუნებელი დრო არაა.“ მან გააცნობიერა, რომ ქორწინების გადადებით, ის რისკავს საბოლოოდ დაკარგოს თავისი პარტნიორი ქალი. ამავე დროს ის გრძნობდა, რომ თუ ეს ქალი ვერ გაიგებს მის მდგომარეობას, შეიძლება ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ის მისი შესაფერისი არაა. შედეგად, ყველა მეგობრის და ნათესავის სამწუხაროდ, ქორწილი გადაიდო, მომავალი ცოლი არ დაშორებია მას, არამედ მასაც შეუმსუბუქდა მდგომაროება, და ორივემ მიიღო თავისუფლება რომ გამოეკვლიათ თავისი გრძნობები ერთმანეთის მიმართ.
რამდენიმე თვის შემდეგ, ძალიან მშვიდად და ყოველგვარი წნეხის შეგრძნების გარეშე, ისინი დაქორწინდნენ და მათი ურთიერთობა დღევანდელ დღემდე ძალიან სიცოცხლით სავსეა.

ამ შემთხვევაში ყურადღებას იმსახურებს შემდეგი ფაქტი, რამოდენიმე ექსპრეს სესიის და წერილის გარდა, რომლებიც რეგულარული ინტერვალებით ხდებოდა, ცოლთან შეგუების პროცესი განხორციელდა ყოველგვარი თერპიული ინტერვენციის და ჩემი მხრიდან კომენტარების გარეშე.

რჩებოდა კიდევ ბევრი სირთულე პირადულ ადაპტაციაში და იმ ინფორმაციის მიხედვით, რომელიც მან მომაწოდა ეს იყო ემოციურად ფეთქებადი სიტუაცია. ბევრი ჩვეულებრივი ადამიანი „მოცურდებოდა“ და „განიცდიდა გემის ჩაძირვას“ ქორწინებაში საერთო ინტიმური ცხოვრების სფეროში, რომლისთვისაც ისინი არ იყვნენ მზად. შიზოიდური აშლილობის მქონე ადამიანის მაგალითი, რომელმაც ასე პატიოსნად გადაამუშავა თავისი სირთულეები და შედეგად მიაღწია ბედნიერ ურთიერთობებს, კიდევ ერთხელ ანახებს, რომ შინაგანად გაყოფილი სხეული და დისოცირებული ცნობიერებაში შიგნით დამალულია შემოქმედებითი ცხოვრების ძალა და სიცოცხლისუნარიანობა.

Поделитесь статьей с друзьями!

 

Оставьте свой комментарий

Комментарии для сайта Cackle